დაბ. 27
27
იაკობი აცდენს ისაკს
1და იყო, რომ როცა მოხუცდა ისაკი და დაუსუსტდა თვალისჩინი და ვეღარ ხედავდა, მოუხმო ესავს, თავის უფროს ძეს, და უთხრა მას: „შვილო ჩემო!“ და მან უთხრა: „აქა ვარ.“
2და თქვა: „აჰა, მოვხუცდი მე, და არ ვუწყი ჩემი სიკვდილის დღე.
3და ახლა აიღე შენი საჭურველი, და შენი მშვილდ-ისარი, და გადი ველად და მოინადირე ჩემთვის რაიმე ნადირი
4და მოამზადე ჩემთვის კერძი, რომელიც მიყვარს მე და მომიტანე, რომ შევჭამო, რათა გაკურთხოს შენ ჩემმა სულმა, სანამ მოვკვდებოდე.“
5და ესმოდა რებეკას, როცა ელაპარაკებოდა ისაკი ამ სიტყვებს ესავს, თავის ძეს. და გავიდა ესავი ველად სანადიროდ, ნანადირევის მოსატანად.
6ხოლო რებეკამ უთხრა იაკობს, თავის ძეს: „მე მოვისმინე, როგორ ელაპარაკებოდა მამაშენი ესავს, შენს ძმას:
7‘მომიტანე ნანადირევი და მომიმზადე კერძი და შევჭამ, რომ გაკურთხო უფლის წინაშე ჩემი სიკვდილის წინ.’
8და ახლა, შვილო ჩემო, ისმინე ჩემი ხმა, როგორც გიბრძანებ:
9წადი და მომიყვანე იქიდან ორი კარგი თიკანი, და მოვუმზადებ მათგან გემრიელ კერძს მამაშენს, როგორც მას უყვარს.
10და მიართვი შენს მამას და ჭამოს, რათა გაკურთხოს შენ თავისი სიკვდილის წინ.“
11და უთხრა იაკობმა რებეკას, თავის დედას: „ესავი, ძმა ჩემი, ბანჯგვლიანი კაცია, მე კი სლიქინა კანი მაქვს.
12რომ შემახოს ხელი მამაჩემმა, ხომ ვიქნები მის თვალში მატყუარა. და მოვაწევ ჩემს თავზე წყევლას და არა კურთხევას.“
13და უთხრა მას დედამ: „ჩემზე იყოს შენი წყევლა, შვილო ჩემო. მაგრამ ისმინე ჩემი ხმა და წადი და მომიტანე.“
14და იგი წავიდა, და აიყვანა, და მოჰგვარა დედას. და მოამზადა დედამისმა კერძი ისე, როგორც მამამისს უყვარდა.
15და აიღო რებეკამ თავისი უფროსი ძის, ესავის ძვირფასი სამოსელი, რომელიც მასთან იყო სახლში, და შემოსა იაკობი, თავისი უმცროსი ძე.
16თიკნების ტყავები შემოახვია მის ხელებსა და შიშველ კისერს.
17და მისცა კერძი და პური, რომელიც მოამზადა, ხელში იაკობს, თავის ძეს.
18და მივიდა იგი მამასთან და უთხრა: „მამაჩემო!“ და მან უთხრა: „აჰა, მე ვარ; რომელი ხარ, ჩემო შვილო?“
19და იაკობმა უთხრა მამამისს: „მე ვარ ესავი, შენი პირმშო; მე გავაკეთე შენი ბრძანებისამებრ. ადექი და ჭამე ნანადირევი, რათა მაკურთხოს მე შენმა სულმა.“
20და უთხრა ისაკმა თავის ძეს: „რა მალე მოგინადირებია, შვილო?“ და თქვა: „იმარ რომ უფალმა, შენმა ღმერთმა, შემახვედრა.“
21და უთხრა ისაკმა იაკობს: „მომეახლე, რომ ხელი შეგახო შვილო ჩემო, ნუთუ შენ ხარ ძე ჩემი ესავი?“
22და მიეახლა იაკობი ისაკს, თავის მამას, და შეახო ხელი მან, და თქვა: „ხმა, ხმა იაკობისაა, ხელები კი ხელები ესავისა.“
23და ვერ იცნო იგი, რადგან მისი ხელი ბალნიანი იყო, როგორც ხელი ესავისა, მისი ძმისა. და აკურთხა იგი.
24და თქვა: „მაშ შენა ხარ ჩემი ძე ესავი?“ მან უპასუხა: „მე ვარ!“
25და უთხრა მან: „მომაწოდე, შვილო ჩემო, ნანადირევი საჭმელად, რათა გაკურთხოს ჩემმა სულმა.“ და მიართვა მან მას, და ჭამდა ის; და მიუტანა მას ღვინოც, და სვამდა ის.
26და უთხრა მას ისაკმა, მამამისმა: „მომეახლე და მეამბორე მე, შვილო.“
27და მიეახლა და ეამბორა მას. და როცა იყნოსა მან სუნი მისი სამოსისა, აკურთხა იგი და თქვა: „შეხედე, სუნი ჩემი ძისა, როგორც სუნი ველისა, რომელიც აკურთხა უფალმა.
28მოგცეს შენ ღმერთმა ცის ცვრისაგან და მიწის სინოყივრისაგან უხვი ხორბალი და ღვინო;
29და გმონებდნენ შენ ხალხები, და თაყვანს გცემდნენ ტომები. იყავი ბატონი შენი ძმებისა, და თაყვანს გცემდნენ შენ ძენი დედაშენისა. მაწყევარი შენი წყეულიმც იყოს და მაკურთხეველი შენი კურთხეულ იყოს.
ისაკი ამაოდ ნანობს
30და როგორც კი დაასრულა ისაკმა იაკობის კურთხევა, და იაკობი ჯერ არ წასულიყო, მოვიდა ესავი, მისი ძმა, ნადირობიდან.
31და მანაც მოამზადა გემრიელი საჭმელი და მიართვა მამამისს, და უთხრა: „ადექი მამაჩემო და ჭამე შენი ძის ნანადირევი, რათა მაკურთხოს შენმა სულმა.“
32და უთხრა მას ისაკმა, მამამისმა: „ვინ ხარ შენ?“ და თქვა: „მე ვარ შენი ძე, შენი პირმშო, ესავი.“
33და შეძრწუნდა ისაკი ძალზე დიდი ძრწოლით და თქვა: „ის მონადირე ვინღა იყო, ვინც მოინადირა და მომართვა თავისი ნანადირევი? მე უკვე ვჭამე, და თან ვაკურთხე იგი, ვიდრე შენ მოხვიდოდი, ისიც კურთხეული იქნება!“
34და როცა მოისმინა ესავმა თავისი მამის სიტყვები, შეჰყვირა ძალზე დიდი და მწარე ხმით, და უთხრა მამას: „მეც მაკურთხე, მამაჩემო.“
35და უთხრა მან: „ცბიერებით მოვიდა შენი ძმა და წაიღო შენი კუთვნილი კურთხევა.“
36და თქვა მან: „ამიტომ ეწოდა მას სახელად იაკობი, რადგან უკვე ორჯერ წამაბორძიკა მე: ჯერ პირმშოობა წამართვა და ახლა კი ჩემი კურთხევა წაურთმევია!“ და ჰკითხა: „ნუთუ არ შეგინახავს კურთხევა ჩემთვის?“
37და უთხრა ისაკმა ესავს: „შენს ბატონად დავაყენე იგი და ყველა მისი ძმა მივეცი მას მსახურად. და განვამტკიცე იგი ხორბლით და ღვინით. შენ რაღა გიყო, შვილო?“
38და უთხრა ესავმა თავის მამას: „მამაჩემო, განა მხოლოდ ერთი კურთხევა გაქვს? მაკურთხე მეც, მამაჩემო!“ და აღიმაღლა თავისი ხმა ესავმა და ატირდა.
39და მიუგო ისაკმა, მამამისმა: „ნოყიერი მიწისგან შორს იყოს შენი სამკვიდრებელი და შორს ცის ცვარისგან.
40და შენი მახვილით ცხოვრობდე და შენს ძმას ემსახურებოდე, და იქნება რომ წინ აღუდგები მას და ჩამოიხსნი მის უღელს შენი ქედიდან.“
41და შეიძულა ესავმა იაკობი იმ კურთხევისათვის, რომლითაც იგი აკურთხა მამამისმა. და თქვა ესავმა თავის გულში: „ახლოვდება დღენი მამაჩემის გლოვისა და მოვკლავ მაშინ ჩემს ძმას, იაკობს.“
42და ეუწყა რებეკას სიტყვები ესავისა, თავისი უფროსი ძისა. და მოუხმო თავის უმცროს ძეს, იაკობს, და უთხრა: „აჰა, ესავს, შენს ძმას სურს გული მოიოხოს შენი მოკვლით!
43და ახლა, შვილო, მისმინე მე და გაიქეცი ლაბანთან, ჩემს ძმასთან, ხარანში.
44და დარჩი მასთან რამოდენიმე ხანს, ვიდრე დაცხრება შენი ძმის გულისწყრომა,
45და რომ დაცხრება რისხვა შენი ძმისა და დაივიწყებს, რაც უყავი მას, გამოვგზავნი ვინმეს და წამოგიყვან იქიდან, რად დაგღუპოთ ორივენი ერთ დღეს?“
46და უთხრა რებეკამ ისაკს: „მომბეზრდა სიცოცხლე ხეთელ ასულთა გამო. თუ იაკობი ხეთელ ასულს მოიყვანს ცოლად, როგორც ესენი არიან, რაღად მინდა მე სიცოცხლე?“
Zvasarudzwa nguva ino
დაბ. 27: GEO02
Sarudza vhesi
Pakurirana nevamwe
Sarudza zvinyorwa izvi
Unoda kuti zviratidziro zvako zvichengetedzwe pamidziyo yako yose? Nyoresa kana kuti pinda
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002