დაბ. 19
19
სოდომის დაღუპვა
1და მოვიდა ორი ანგელოზი სოდომში საღამო ჟამს, და ლოტი კი იჯდა სოდომის კარიბჭესთან. ისინი რომ დაინახა, ადგა მათ შესახვედრად და სცა თაყვანი მიწამდე.
2და თქვა: „ჩემო ბატონებო! შემოუხვიეთ თქვენი მსახურის სახლში და გაათიეთ ღამე. და დილაადრიან დაიბანთ ფეხს და წახვალთ თქვენი გზით!“ და უთხრეს: „არა! მოედანზე გავათევთ ღამეს.“
3დიდად ეხვეწა მათ ლოტი და მათაც შეუხვიეს მასთან, და შევიდნენ მასთან სახლში. და გაუმართა მათ ნადიმი, და დაუცხო ხმიადები და ჭამეს.
4ჯერ კიდევ არ დაწოლილიყვნენ, რომ ქალაქის მცხოვრები სოდომელები გარშემოერტყნენ სახლს. ჭაბუკიდან მოხუცამდე მთელი ხალხი ერთად.
5და დაუძახეს ლოტს, და უთხრეს მას: „სად არიან კაცები, რომელნიც შენთან მოვიდნენ ღამით? გამოიყვანე ისინი ჩვენთან, რომ შევიცნოთ ისინი.“
6და გარეთ გამოვიდა ლოტი მათთან, და გამოიკეტა კარი,
7და თქვა: „ჩემო ძმებო, ნუ იზამთ უკეთურობას.
8აჰა, ორი ქალიშვილი მყავს, რომელთაც ჯერ არ შეუცვნიათ მამაკაცი. გამოვიყვან მათ თქვენთან, და უყავით მათ, რაც გენებოთ. მხოლოდ ამ კაცებს ნურაფერს უზამთ, რადგან ჩემი ჭერის ჩრდილში არიან შემოსული!“
9და უთხრეს: „მოშორდი აქედან!“ და კვლავ უთხრეს: „უცხო ვინმე მოსულხარ აქ ხიზნად, და სამართალს სჯი? ახლა შენ მათზე უარესს დაგმართებთ!“ და მიესიენ ლოტს და დაიწყეს კარების მტვრევა.
10მაგრამ ლოტის სტუმრებმა გამოიწოდეს ხელი, ლოტი შეიყვანეს შინ და მიიკეტეს კარები.
11ხოლო კაცებს, სახლის შესასვლელთან რომ იყვნენ, სიბრმავე დაატეხეს, პატარიდან დიდამდე, და მათ ქანცი გაუწყდათ კარების ძებნაში.
12და ლოტის სტუმრებმა ჰკითხეს მას: „კიდევ ვინ გყავს აქ? ძენი, ასულნი, სიძენი – ყველა, ვინც შენი ახლობელია ამ ქალაქში, გაიყვანე აქედან,
13რადგან გავანადგურებთ ჩვენ ამ ადგილს, რადგან ამაღლდა მათზე ღაღადი უფლის წინაშე, და მოგვავლინა ჩვენ უფალმა მის გასანადგურებლად.“
14და გამოვიდა ლოტი და ელაპარაკა თავის სიძეებს, მისი ასულების მთხოვნელთ, და უთხრა: „ადექით, გადით ამ ადგილიდან, რადგან უფალი განადგურებას უპირებს მას.“ და სასაცილო შეიქნა იგი თავის სიძეთა თვალში.
15და როგორც კი ინათა, ანგელოზებმა ააჩქარეს ლოტი ამ სიტყვებით: „ადექ, წაიყვანე შენი ცოლი და შენი ორი ასული, აქ რომ არიან, რათა არ დაიღუპო ქალაქის ურჯულოებაში.“
16მაგრამ აყოვნებდა და იმ კაცებმა ჩასჭიდეს ხელი მას, მის ცოლს და მის ორ ასულს, მათდამი უფლის წყალობის გამო, და გაიყვანეს იგი ქალაქის გარეთ.
17და როცა გამოიყვანეს ისინი გარეთ, უთხრა: „გადაირჩინე შენი სული, ნუ მიიხედავ უკან და ნუ გაჩერდები ამ არემარეზე! მთას შეეფარე, რომ არ დაიღუპო!“
18და უთხრა მათ ლოტმა: „არა, ბატონო!
19რადგან ჰპოვა თქვენმა მსახურმა წყალობა შენს თვალში და დიდია შენი წყალობა, რომელიც მიიღეთ ჩემზე ჩემი სულის გადასარჩენად, ვერ შევეფარები მთას: ვაითუ, გადავაწყდე უბედურებას, და მოვკვდე!“
20აჰა, ეს ქალაქი ახლოსაა გასაქცევად, და თან პატარაც არის. იქ შევაფარებ თავს, რადგან ის პატარაა და ცოცხალი გადავრჩები.“
21და უთხრა მას: „ამაშიც გაპატიებ, და არ დავამხობ ამ ქალაქს, რომელზეც თქვი.
22იჩქარე, თავი შეაფარე იქ, რადგან არაფრის ქმნა არ ძალმიძს შენს იქ მისვლამდე!“ და ამიტომ ეწოდა ამ ქალაქს ცოყარი (პატარა).
23და ამოვიდა მზე ქვეყანაზე და ლოტიც მივიდა ცოყარს,
24და აწვიმა უფალმა ციდან გოგირდი და ცეცხლი უფლისაგან, ციდან სოდომსა და გომორას.
25და დაამხო ეს ქალაქები და მთელი მათი შემოგარენი, და ყოველი მკვიდრი ამ ქალაქისა და ყოველი მცენარე მიწისა.
26და მოიხედა უკან მისმა ცოლმა და იქცა მარილის სვეტად.
27და ადგა აბრაამი დილაადრიანად და წავიდა იმ ადგილას, სადაც იდგა ის უფლის წინაშე.
28და როცა გაიხედა სოდომისა და გომორასაკენ, დაინახა: მთელს არემარეს ასდიოდა კვამლი მიწიდან, როგორც კვამლი ქურისა.
29და როცა ამხობდა ღმერთი იმ არემარის ქალაქებს, გაიხსენა ღმერთმა აბრაამი, და გაარიდა ლოტი დაქცევიდან, როცა სპობდა ქალაქებს, სადაც ცხოვრობდა ლოტი.
ლოტის ასულების შეცოდება
30და წავიდა ლოტი ცოყარიდან, და დასახლდა მთაში თავის ორ ასულთან ერთად, რადგან ეშინოდა ცოყარში ცხოვრებისა. და დასახლდა მღვიმეში თავის ორ ასულთან ერთად.
31და უთხრა უფროსმა ასულმა უმცროსს: „მოხუცია მამაჩვენი, და არ არის ქვეყანაზე მამაკაცი, რომ შემოვიდეს ჩვენთან, როგორც ქვეყნის წესია.
32მოდი, შევასვათ მამაჩვენს ღვინო, დავათროთ და დავწვეთ მასთან, და აღვადგინოთ ჩვენი მამისაგან შთამომავლობა.“
33და შეასვეს ღვინო თავიანთ მამას იმ ღამეს, და მივიდა უფროსი და დაუწვა თავის მამას. და არაფერი გაუგია ლოტს, არც მისი დაწოლა და არც მისი ადგომა.
34და მეორე დღეს უთხრა უფროსმა უმცროსს: „აჰა, ვიწექი წუხელ მამაჩვენთან. შევასვათ მას ღვინო ამაღამაც. და მიდი, დაუწექი მას, და აღვადგინოთ ჩვენი მამისაგან შთამომავლობა.“
35და შეასვეს ღვინო თავიანთ მამას იმ ღამესაც, და მივიდა უმცროსი და, და დაუწვა თავის მამას, და არაფერი გაუგია ლოტს, არც მისი დაწოლა და არც მისი ადგომა.
36და დაორსულდა ლოტის ორივე ასული თავიანთი მამისაგან.
37და ეყოლა უფროსს ძე და უწოდა მას სახელად მოაბი და თქვა: ჩემი მამისაგან იგი გახდა მოაბელთა მამა.
38და უმცროსსაც ეყოლა ძე, და უწოდა სახელად ბენ-ყამი და თქვა: ძე ჩემი მოდგმისა. იგი გახდა ყამონელთა მამა.
Zvasarudzwa nguva ino
დაბ. 19: GEO02
Sarudza vhesi
Pakurirana nevamwe
Sarudza zvinyorwa izvi
Unoda kuti zviratidziro zvako zvichengetedzwe pamidziyo yako yose? Nyoresa kana kuti pinda
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002