Mufananidzo weYouVersion
Mucherechedzo Wekutsvaka

დაბ. 18

18
აბრაამი უფლის მეგობარი
1და გამოეცხადა უფალი მას მამრეს მუხასთან, როდესაც ის შუადღის ხვატში იჯდა თავისი კარვის წინ.
2და აღაპყრო მან თვალი და დაინახა, რომ სამი კაცი დგას მის ახლოს. და როცა დაინახა ისინი, გაიქცა მათ შესახვედრად კარვის შესასვლელიდან და თაყვანი სცა მათ მიწამდე.
3და თქვა: „ბატონო, თუ ვპოვე მადლი შენს თვალში, გვერდს ნუ აუვლი შენს მსახურს.
4და მოიტანენ ცოტა წყალს და დაგბანენ ფეხს, და დაისვენეთ ხის ქვეშ.
5და გამოგიტანთ მცირეოდენ პურს, და დაინაყრეთ გული, შემდეგ კი წადით. რაკი გზად ჩაუარეთ თქვენს მსახურს.“ და უთხრეს: „ისე გააკეთე, როგორც თქვი.“
6და ისწრაფა აბრაამმა კარვისაკენ სარასთან, და უთხრა: „იჩქარე: სამი საწყაული საუკეთესო ფქვილი მოზილე და კვერები გამოაცხვე.“
7ნახირისკენ გაიქცა აბრაამი და აიყვანა ჩვილი და საღი ხბო, და მისცა იგი თავის მსახურს, და მანაც სწრაფად მოამზადა იგი.
8აიღო კარაქი და რძე, და ხბო, რომელიც მოამზადა, და მიართვა მათ. ხოლო თვითონ იდგა მათ გვერდით, ხის ქვეშ, როცა ისინი ჭამდნენ.
9და ჰკითხეს მას: „სად არის სარა, შენი ცოლი?“ და მან უპასუხა: „აჰა, კარავშია.“
10შემდეგ უთხრა მას ერთმა მათგანმა: „გაისად ამდროს ნამდვილად დავბრუნდები შენთან. და ეყოლება ძე სარას, შენს ცოლს.“ და სარას ესმოდა ეს კარვის შესასვლელთან, რადგან მის უკან იდგა.
11და აბრაამი და სარა იყვნენ ხანში, წლებში შესულნი. და შეწყვეტილი ჰქონდა სარას დედათა წესი.
12და გულში გაეცინა სარას და თქვა: „რაღაი დავბერდი, რა სიამე მექნება? და ჩემი ბატონიც ხომ მოხუცია!“
13და უთხრა უფალმა აბრაამს: „რად გაიცინა სარამ ამ სიტყვებით: ‘ნუთუ მართლა ვშობ, ამ მოხუცობისას?’
14განა უფლისთვის შეუძლებელია რამე? დათქმულ ჟამს დავბრუნდები შენთან, გაისად, და სარას ეყოლება ძე.“
15და უარყო სარამ და თქვა: „არ გამიცინია,“ რადგან შეეშინდა. და უპასუხეს მას: „არა, შენ გაიცინე!“
16და ადგნენ იქიდან ეს კაცები, და მიაპყრეს მზერა სოდომისაკენ. და აბრაამი გაჰყვა მათ გასაცილებლად.
17და თქვა უფალმა: „დავუფარო აბრაამს, რასაც ვაპირებ,
18და აბრაამი რომ გახდება დიდი და ძლიერი ერი, და მისით იკურთხება მიწის ყველა ერი?
19რადგან ამოვირჩიე, რომ ამცნოს თავის ძეებსა და თავის სახლს თავის შემდეგ, რომ დაიცვან გზა უფლისა, ქმნან სიმართლე და სამართალი, რათა შეუსრულოს უფალმა აბრაამს, რასაც შეპირდა.“
20და თქვა უფალმა: „გამრავლდა ღაღადი სოდომზე და გომორაზე, და დიდად მძიმეა მათი ცოდვები.“
21ჩავალ და ვნახავ, ნამდვილად ისე იქცევიან, როგორც ღაღადია მათზე. თუ არა და, შევიტყობ.“
22და გაემართნენ ეს კაცები იქიდან, და წავიდნენ სოდომს. და აბრაამი ჯერ კიდევ იდგა უფლის წინაშე.
23და მიეახლა აბრაამი და უთხრა: „ნუთუ მართალსაც დაღუპავ უკეთურთან ერთად?
24ეგების იყოს ორმოცდაათი მართალი ამ ქალაქში? ნუთუ დაღუპავ და არ დაინდობ მაგ ადგილს იქ მყოფი ორმოცდაათი მართლისათვის?
25შორს შენგან ასეთი საქმე, რომ მოკლა მართალი უკეთურთან ერთად, და იყოს მართალი უკეთურივით! შორს შენგან! მთელი ქვეყნიერების მსაჯულმა არ გააჩინოს სამართალი?“
26და უთხრა უფალმა: „თუ ვპოვებ სოდომში, ქალაქში, ორმოცდაათ მართალს, შევუნდობ მათ გამო მაშინ მაგ ადგილს.“
27და მიუგო მას აბრამმა: „აჰა, გავბედე ლაპარაკი ჩემს ბატონთან მე, მტვერმა და ნაცარმა.
28იქნებ ორმოცდაათ მართალს მხოლოდ ხუთი დააკლდეს, ნუთუ ხუთისათვის დაღუპავ მთელ ქალაქს?“ და უთხრა მას უფალმა: „არ დავღუპავ, თუ ვპოვებ იქ ორმოცდახუთს!“
29და კვლავ განაგრძო მასთან ლაპარაკი, და თქვა: „იქნებ იქ ორმოცი აღმოჩნდეს?“ და თქვა: „არ ვიზამ ამას ორმოცისთვისაც.“
30და თქვა აბრაამმა: „ნუ განრისხდება ბატონი, იქნებ იქ ოცდაათი აღმოჩნდეს?“ და თქვა: „არ ვიზამ ამას, თუ ვპოვებ ოცდაათს.“
31და კვლავ უთხრა მას: „აჰა, გავბედე ლაპარაკი ბატონთან: იქნებ აღმოჩნდეს იქ ოცი?“ და თქვა: „არ დავღუპავ ოცისათვის.“
32და თქვა: „ნუ განრისხდება ჩემი ბატონი, და ერთხელაც ვიტყვი: „იქნებ აღმოჩნდეს იქ ათი კაცი?“ და უთხრა მას: „არც ათისთვის არ დავღუპავ.“
33და წავიდა უფალი, როგორც კი დაასრულა აბრაამთან ლაპარაკი და აბრაამიც დაბრუნდა თავის ადგილზე.

Zvasarudzwa nguva ino

დაბ. 18: GEO02

Sarudza vhesi

Pakurirana nevamwe

Sarudza zvinyorwa izvi

None

Unoda kuti zviratidziro zvako zvichengetedzwe pamidziyo yako yose? Nyoresa kana kuti pinda