Akara Njirimara YouVersion
Akara Eji Eme Ọchịchọ

დაბ. 6

6
წარღვნა
1როცა იწყეს ადამიანებმა გამრავლება მიწის პირზე და ასულები შეეძინათ მათ,
2იხილეს ღვთის შვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები, და ცოლებად მოჰყავდათ ისინი, ვისაც კი ამოირჩევდნენ.
3და თქვა უფალმა: „არ დაივანოს სულმა ჩემმა ადამიანში მარად, რადგან იგი ხორციელია, და იქნენ დღენი მისი ას ოცი წელი.
4ბუმბერაზები ცხოვრობდნენ მიწაზე იმ დღეებში და მას შემდეგაც, როდესაც ღვთის შვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომელნიც მათ უჩენდნენ შვილებს. სახელოვანი ხალხი იყვნენ ისინი ძველი დროიდან.
5და იხილა უფალმა, რომ გამრავლდა ბოროტება ადამიანისა მიწაზე, და მისი გულის ყოველი წადილი მუდამ მხოლოდ ბოროტება იყო.
6და ინანა უფალმა, რომ შექმნა ადამიანი მიწაზე და დამწუხრდა თავის გულში.
7და თქვა უფალმა: „მიწის პირისაგან აღვგვი ადამიანს, რომელიც შევქმენი, ადამიანიდან პირუტყვამდე, ქვეწარმავლამდე და ცის ფრინველამდე, რადგან ვინანე, რომ შევქმენი ისინი.“
8ხოლო ნოემ ჰპოვა მადლი უფლის თვალში.
9ეს არის ნოეს ამბავი. ნოე მართალი, უბიწო კაცი იყო თავის მოდგმაში, და ღმერთის გზით დადიოდა იგი.
10და შვა ნოემ სამი ვაჟი: სემი, ქამი და იაფეთი.
11მაგრამ წაირყვნა ქვეყანა ღვთის წინაშე და აღივსო იგი ძალადობით.
12და იხილა ღმერთმა ქვეყანა და ნახა, რომ წარყვნილიყო, რადგან გაერყვნა ყოველ ხორციელს თავისი გზა ქვეყანაზე.
13და უთხრა ღმერთმა ნოეს: „ყოველი ხორციელის აღსასრული მოვიდა ჩემს წინაშე, რადგან აღივსო ქვეყანა მათი ძალადობით; და მე აღვგვი მათ მიწიდან.
14გაიკეთე შენთვის კიდობანი ულპობელი ძელებისაგან, ოთახები გაუკეთე კიდობანს და ფისით დაფარე იგი შიგნიდან და გარედან.
15და ასე გააკეთე იგი: კიდობნის სიგრძე სამასი წყრთა, სიგანე ორმოცდაათი წყრთა და მისი სიმაღლე ოცდაათი წყრთა.
16სარკმელი გაუკეთე კიდობანს და ჩამოაცილე ერთ წყრთაზე ზემოდან. გვერდზე გაუკეთე კარი, და ქვედა, შუა და ზედა სართულები გაუკეთე მას.
17და მე მოვავლენ წყლის წარღვნას მიწაზე, ცისქვეშეთიდან ყოველი ხორციელის, რომელშიც სიცოცხლის სულია, მოსასპობად. და ყოველი, რაც ქვეყანაზეა, დაიღუპება.
18და დავდებ ჩემს აღთქმას შენთან: შეხვალთ კიდობანში შენ და შენი ძეები, და შენი ცოლი და შენს ძეთა ცოლები შენთან ერთად.
19და ყოველთაგან, რაც ცოცხალია, ყოველ ხორციელთაგან, ორ-ორი უნდა შეიყვანო კიდობანში, რომ შენთან ერთად გადარჩნენ ცოცხალი; და ერთი მამალი უნდა იყოს და ერთი დედალი.
20ფრინველისაგან მისი გვარისამებრ და პირუტყვისაგან მისი გვარისამებრ, მიწის ყოველი ქვეწარმავლისაგან მისი გვარისამებრ ორ-ორნი მოვლენ შენთან ყოველი გვარისაგან, რათა ცოცხალი გადარჩნენ.
21და აიღე ყოველი საჭმელი, რაც იჭმევა, და მოაგროვე შენთან და იყოს შენთვის და მათთვის საზრდოდ.“
22და გააკეთა ნოემ ყოველივე, როგორც უბრძანა ღმერთმა, ისე გააკეთა მან.

Nke Ahọpụtara Ugbu A:

დაბ. 6: GEO02

Mee ka ọ bụrụ isi

Kesaa

Mapịa

None

Ịchọrọ ka echekwaara gị ihe ndị gasị ị mere ka ha pụta ìhè ná ngwaọrụ gị niile? Debanye aha gị ma ọ bụ mee mbanye